Zum Inhalt springen

Warenkorb

Dein Warenkorb ist leer

Artikel: Calvin Klein Obsession for Men —პარფიუმიდან — სამეცნიერო ინსტრუმენტამდე

Calvin Klein Obsession for Men —პარფიუმიდან — სამეცნიერო ინსტრუმენტამდე

Calvin Klein Obsession for Men —პარფიუმიდან — სამეცნიერო ინსტრუმენტამდე


ისტორია საკმაოდ უჩვეულოდ დაიწყო.

ნიუ-იორკის Bronx Zoo-ში დიდი კატების გარემოს გასამდიდრებლად სხვადასხვა სურნელს იყენებდნენ. იდეა მარტივი იყო: ახალი სუნი ცხოველებში ცნობისმოყვარეობას იწვევდა — ისინი უახლოვდებოდნენ სურნელის წყაროს, ყნოსავდნენ, ლოყებით ეხახუნებოდნენ და ზოგჯერ დიდხანსაც ჩერდებოდნენ მის გვერდით.

2003 წელს ზოოპარკის მთავარმა კურატორმა Pat Thomas-მა გადაწყვიტა, ეს დაკვირვება უფრო სისტემურად შეესწავლა.

ორი ზრდასრული გეპარდისთვის სხვადასხვა დღეებში 24 განსხვავებული სურნელი გამოსცადეს. მკვლევრები აკვირდებოდნენ, რამდენად სწრაფად მიუახლოვდებოდნენ ცხოველები სურნელს, რამდენჯერ დაბრუნდებოდნენ მასთან და რამდენ ხანს დარჩებოდნენ მის სიახლოვეს.

შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა.

ყველაზე დიდხანს გეპარდების ყურადღება Calvin Klein Obsession for Men-მა შეინარჩუნა — საშუალოდ დაახლოებით 11,1 წუთის განმავლობაში.

შედარებისთვის, ზოგი სხვა სურნელი ცხოველებს მხოლოდ რამდენიმე წამით აინტერესებდათ. ერთ-ერთი ძლიერი კონკურენტი, Nina Ricci-ის L’Air du Temps, დაახლოებით 10,4 წუთს აღწევდა, თუმცა Obsession მაინც პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

მაგრამ ამბავი ზოოპარკში არ დასრულებულა.

Wildlife Conservation Society-ის მკვლევრებს ცენტრალურ ამერიკაში სხვა სირთულე ჰქონდათ.

იაგუარი ტყეში ფარულად გადაადგილდება, დიდ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ადამიანებთან კონტაქტს, როგორც წესი, თავს არიდებს. ამიტომ მხოლოდ ტყეში დაკვირვებით იმის დადგენა, რამდენი იაგუარი ცხოვრობს კონკრეტულ ტერიტორიაზე, ძალიან რთულია.

მკვლევრები იყენებდნენ ავტომატურ კამერებს — ე.წ. camera trap-ებს, რომლებიც მოძრაობაზე ან ინფრაწითელ სიგნალზე რეაგირებენ.

მაგრამ  პრობლემა იყო ის, რომ იაგუარს შეეძლო კამერასთან ძალიან სწრაფად ჩაევლო და მკაფიო გამოსახულება საერთოდ არ გამოჩენილიყო.

სწორედ აქ გამოადგათ Bronx Zoo-ში მიღებული გამოცდილება.

მკვლევრებმა კამერების სიახლოვეს Obsession for Men-ის სურნელი გამოიყენეს.

იაგუარები სუნთან ჩერდებოდნენ, ყნოსავდნენ, ზოგჯერ უკან ბრუნდებოდნენ და სურნელით დამუშავებულ ადგილს ლოყებითაც ეხახუნებოდნენ. შედეგად კამერას ცხოველის მკაფიოდ გადასაღებად მეტი დრო ეძლეოდა.

იაგუარის ბეწვზე არსებული ლაქების განლაგება თითოეული ცხოველისთვის ინდივიდუალურია — გარკვეულწილად ისე, როგორც ადამიანისთვის თითის ანაბეჭდი.

თუ კამერა ცხოველს საკმარისად მკაფიოდ გადაიღებდა, მკვლევრებს შეეძლოთ ერთი იაგუარი მეორისგან გაერჩიათ და უკეთ შეეფასებინათ, რამდენი ცხოველი ცხოვრობდა კონკრეტულ ტერიტორიაზე.

Wildlife Conservation Society-მ ეს მეთოდი გვატემალის Maya Biosphere Reserve-ში გამოიყენა — ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან იაგუარის ჰაბიტატში.

WCS-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სურნელით დაინტერესდნენ პუმები, ოცელოტები და სხვა ცხოველებიც.

2013 წელს აფრიკაში მსგავსი მეთოდის გამოყენებით კამერამ უგანდის Kibale National Park-ში იშვიათი აფრიკული ოქროსფერი კატაც გადაიღო. WCS-ის ცნობით, კამერის მიმდებარე ტერიტორია სწორედ Calvin Klein Obsession for Men-ის სურნელით იყო დამუშავებული.

ასე რომ, ზოოპარკში ცხოველების ქცევითი გამდიდრებისთვის გამოყენებული სურნელი მოგვიანებით რეალურ საველე კვლევაშიც გამოსადეგი აღმოჩნდა.

წლების განმავლობაში არსებობდა ვარაუდი, რომ მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო civetone — მუშკისებრი სურნელის მქონე მოლეკულა.

თუმცა ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის.

მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Obsession for Men-ზე ყველა კატას ერთნაირი რეაქცია არ აქვს. ამიტომ ზუსტად რომელი კომპონენტი იზიდავს დიდ კატებს და რატომ, ჯერ კიდევ საბოლოოდ დადგენილი არ არის.

სწორედ ამიტომ ზედმეტად მარტივი ახსნა — თითქოს ყველაფერი მხოლოდ ერთ ინგრედიენტს უკავშირდება — მეცნიერულად სიფრთხილეს მოითხოვს.

და ალბათ ესეც ამ ამბის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია:

ვიცით, რომ ეფექტი დიდ კატებზე დაფიქსირდა. ვიცით, რომ მკვლევრებმა ის პრაქტიკაში გამოიყენეს. მაგრამ ზუსტად რატომ - ჯერ კიდევ ბოლომდე ცნობილი არ არის.

ალბათ მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მისი ყველაზე უჩვეულო „აუდიტორია“ გეპარდები, იაგუარები და სხვა დიდი კატები გახდებოდნენ — და რომ სუნამო პარფიუმერიის სამყაროდან ველური ბუნების კვლევაშიც გადაინაცვლებდა.

 

Read more

როცა სურნელი სამკაულად იქცევა — პარფიუმერიის ახალი ძველი ტენდენცია

როცა სურნელი სამკაულად იქცევა — პარფიუმერიის ახალი ძველი ტენდენცია

წარმოიდგინეთ, რომ სახლიდან გასვლისას საყვარელი სუნამოს ფლაკონის ჩანთაში ჩადება აღარ გჭირდებათ. თქვენ მას უბრალოდ იკეთებთ. თითზე — როგორც ბეჭედს.კისერზე — როგორც გულსაკიდს.ჩანთაზე — როგორც ჩარმს. 2...

Weiterlesen